ზინაიდა კვერენჩხილაძე, ოფიციალუი გვერდი

 

 

მთავარი

შემოქმედება

მასზე

ჩემი ანტიგონე

გალერეა

 

 

 

 

 

ჩემი ანტიგონე

 
 

 

ზინა კვერენჩხილაძე

“ჩემი ანტიგონე”

(ფრაგმენტები წიგნიდან)

 

 

 

ანტიგონე, ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება, აღგაფრთოვანებს თავისი  ზნეობრივი სიწმინდით, კეთილშობილი სული მისი ვერ ეგუება სიმდაბლესა და ორგულობას, რადგან პატიოსნება, კაცთმოყვარეობა და, რაც მთავარია, მოვალეობის გრძნობა მიაჩნია მას ადამიანის არსებობის უმაღლეს დანიშნულებად. მტკიცე, უკომპრომისო ხასიათი მისი სამაგალითოა. მან თვითონ აღზარდა თავისი თავი ასეთად.

ბედისწერით გამოწვეულმა ოჯახურმა ტრაგედიამ ადრე ჩააფიქრა პატარა მეოცნებე გოგო და ასევე ადრე მიაჩვია დამოუკიდებელ აზროვნებას – განსჯას.

დიდმა სულიერმა ტკივილმა არა თუ დათრგუნა გონიერი ბავშვის გრძნობათა ბუნება, არამედ უფრო მეტად გაამდიდრა და ნაადრევად დააბრძენა კიდეც. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ჰქონდა მას თავისი მყარი პოზიცია, თავისი მრწამსი და იქიდან აფასებდა მოვლენებს.

ანტიგონემ სულ ოცი წელი იცხოვრა, მაგრამ ეს ხანმოკლე სიცოცხლეც კი, საკმარისი აღმოჩნდა, იმისათვის, რომ ხმამაღლა ეთქვა მას თავისი სათქმელი და ნათლით მოსილი ამაყად წასულიყო ამა სოფლიდან.

როცა ანტიგონემ მთელი სიცხადითა და სიმძაფრით შეიგრძნო უსამართლობის, ბოროტების დამანგრეველი ძალა, სული მისი აღშფოთდა და გონება მისი მთელი დატვირთვით ამუშავდა. ჩაფიქრდა; გაანალიზა რა მის გარშემო კრეონტის   შექმნილი ყოვლად აუტანელი მდგომარეობა გადაწყვიტა; უარყოს ყველა და ყველაფერი, რაც არ მოსწონს და რაც მის მომთხოვნ ბუნებას ეწინააღმდეგება, ამიტომ არ ისურვა, ის ეგრედ-წოდებული ,,მშვიდი და მყუდრო”ცხოვრება, შენიღბული ყალბი ბედნიერებით, რომელსაც კრეონტი აღუთქვამდა და შეგნებულად აღიმაღლა ხმა კრეონტის და მისი სახით, საერთოდ, ძალადობისა და ბოროტების წინააღმდეგ.

ანტიგონემ იცოდა, რომ სიკვდილით დასჯიდნენ ყველას, ვინც კი მეფის ბრძანებას დაარღვევდა და პოლინიკეს გვამს დამარხავდა: იცოდა, მაგრამ არ შეშინდა, რადგან შიშს მოვალეობის გრძნობამ სძლია და სცადა დაემარხა ქალაქის მოედანზე დაგდებული საკუთარი ძმის ტახტის მემკვიდრის - კოლინიკეს ცხედარი,რომელიც სამეფო კარის ინტრიგების მსხვერპლი გახდა. მარტომ, ღამით, შიშველი ხელებით დაგლიჯა ნარ-ეკალი,რათა საყვარელი ძმის ცხრედისათვის მარადიული სასუფეველი მიეჩინა,მაგრამ...,ბედმა უმტყუნა, მაშინვე ჩაფრებმა დაიჭირეს და კრეონტს მიჰგვარეს. ანტიგონემ მართალია, ბოლომდე ვერ მიიყვანა დაწყებული საქმე, მაგრამ მაინც პირნათლად აღასრულა თავისი წმინდა ვალი,როგორც ადამიანმა,როგორც დამ და როგირც მოქალაქემ. ასე გამოუცხადა ბრძოლა მოძალადე კრეონტსა და მისი დამთრგუნველ პოლიტიკას.

პირველობისათვის ბრძოლას შეეწირა მისი მეორე ძმა ეთეოკლეც, რითაც ისარგებლა კრეონტმა და სამეფო ტახტს დაეპატრონა. როგორც იქნა აღისრულა სანუკვარი ოცნება. მოპოვებული მდგომარეობა რომ შეინარჩუნოს, ეს ავანტიურისტი მმართველი, ქსოვს და ქსოვს გაუგონარი ბოროტების ქსელს და შიგ ახვევს ყველას, ვისზედაც კი ოდვავ ეჭვს მიიტანს კრეონტი გამჭრიახი გონების პოლიტიკოსია -პრაგმატი. მისთვის უცხოა ყოველგვარი ზნეობრივი ნორმები, უფრო მეტიც -სასაცილოა, რადგან თავისი მორალი აქვს, მმართველობის საკუთარი პროგრამა -ფორმულა; ფორმულა სასტიკი,სისხლიანი,ცინიკური. მისი ცინიზმი რომ ზღვარს გადასულია ამის დასტურად პოლინიკეს მაგალითიც კმარა.

დანაშაულის მიხედვით როცა კაცს სიკვდილს მიუსჯიან, ეს გასაგებია, მაგრამ დასაჯო ცხედარი, არ დამარხო, ჰაერზე გახრწნა და მერე თავი იმართლო, თითქოს სხვებს ამით ჭკუას ასწავლი,ეს აბსურდია,ეს სისასტიკის უმაღლესი ფორმაა -სადიზმი.

 - ესროლე, მოკალი, მოსპე ყველა და ყველაფერი, ვინც წინ მოიწევს, ვინც წინ მოძვრება, რადგან დრო აღარა გაქვს, გაარჩიო, ვის ესროლო და ვის - არა; მთავარია, გააჩერო, ვინც ხელს გიშლის, ვინც წინ ეღობება შენს ბედნიერებას - ასეთია დესპოტის ლოგიკა, მისი მტაცებლური პოლიტიკა. ანტიგონესთვის კი ბრძოლის ასეთი ტაქტიკა სრულიად გაუგებარია, ეს ლოზუნგი მხოლოდ სულმდაბალი და ამორალური პოლიტიკანების მოგონილია, რათა ამით შენიღბონ თავიანთი ბინძური სული და ბინძური საქმეები.

ანტიგონე დაიჭირეს და მეფეს მიჰგვრეს. მეფე კრეონტი იძულებულია თავისი ბრძანება აღასრულოს და დამნაშავე სიკვდილით დასაჯოს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ამის გაკეთება მას არ სურს, არ შეუძლია. არგუმენტი პირველი: ანტიგონე მისი დისწულია,და მეორე: ანტიგონე მისი ვაჟიშვილის - ჰემონის საცოლეა.

კრეონტი ორ ცეცხლს შუა მოექცა, საგონებელში ჩავარდა: რა ქნას,როგორ მოიქცეს? – გაორებულია. კრეონტი – ადამიანი და კრეონტი – პოლიტიკოსი. ვინ ვის?

       კრეონტი პოლიტიკოსის პოზიცია უკვე ნათელია. იგი მონაა თავისი მდგომარეობისა და ბრძანების, მაგრამ როგორც ადამიანი!...

როგორც ადამიანს კი, ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, როცა საქმე ეხება მისი ერთადერთი ვაჟიშვილის სიკვდილ-სიცოცხლეს, სწორედ ახლა, მართებს თავისი ჭეშმარიტი სახის ჩვენება. იქნებ მოხდეს სასწაული და სძლიოს თავის თავს, იქნებ ახლა მაინც გაიღვიძოს მასში იმ თანდაყოლილმა გრძნობამ მშობლისამ, რომელიც შეახსენებს, რომ ის ადამიანია და, როგორც ადამიანი, ვალდებულია უკუაგდოს ყოველგვარი ცხოველური ინსტინქტები. იქნებ სიკეთისა და სიყვარულის ნაპერწკალი მაინც შერჩა მის გაუხეშებულ სულსა და ქვადქცეულ გულს, იქნებ.....იქნებ; მაგრამ, არა....

 კრეონტმა ჩაფრებს უბრძანა, სასახლეში არავინ შემოეშვათ, დამნაშავეს მე თვითონ დავკითხავო და დაითხოვა. დარჩნენ პირისპირ ორნი: ანტიგონე და კრეონტი – ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ორი საპირისპირო ზნის ადამიანი.

   სიჩუმეა....არც ერთი არ იწყებს საუბარს, ორივე დუმს, მაგრამ იგრძნობა, რომ ორივე დიდი და მწვავე ბრძოლისათვის ემზადება.

კრეონტი ღელავს... ეტყობა უჭირს საუბრის დაწყება, უჭირს არა იმიტომ, რომ სათქმელი ვერ მოძებნა, - არა! მას აღიზიანებს თვით ანტიგონე, მისი არსებობა საერთოდ.

       

 

 

 
 

 

 

მთავარი | შემოქმედება | მასზე | ჩემი ანტიგონე | გალერეა

ქუთაისის ¹17 საჯარო სკოლა 2009 წელი.

დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz